საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დამრღვევებისთვის სასჯელი 6 წლამდე არა მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ პრეზიდენტის დეკრეტის ვადის გასვლის შემდეგ გამკაცრდება. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდება.

On.ge-ს ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს. განმარტება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თავისივე კანონპროექტის შესახებ საუბრისას არ დააკონკრეტა, რომ ცვლილება მოქმედ საგანგებო მდგომარეობას არ ეხება. მან აღნიშნა, რომ "ღმერთმა არ დაგვაჭირვოს", მაგრამ თუ "მომავალშიც" საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, უკვე სისხლის სამართლის კოდექსში იქნება კონკრეტული ნორმა მისი წესების დარღვევისთვის.

მედიაში მისი ბრიფინგის გაშუქების შემდეგ, განცხადება გააკეთა ცვლილებათა პაკეტის კიდევ ერთმა ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა. მან უარყო, რომ გამკაცრება მიმდინარე საგანგებო მდგომარეობას ეხება.

საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. პარლამენტის განმარტებით, 6 წლამდე სასჯელის გაზრდის შესახებ კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუმცა იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა მომავალშიც გამოცხადდება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, სასჯელი ძალაში იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტის დეკრეტში სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებიც ვერ იქნება პრეზიდენტის დეკრეტისგან განსხვავებული, რადგან დეკრეტს უფრო აღმატებული ძალა აქვს.

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები დღეს, 23 აპრილს დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

პრეზიდენტის დეკრეტით, მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს წესების განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.