ალბათ აქამდეც გსმენიათ, რომ სამეგრელოსა და გურიაში თხილის მეურნეობას იქაური მაცხოვრებლები სერიოზულად ეკიდებიან და ის კი არა, სამეგრელოში კლინტონების ოჯახსაც კი აქვს თხილის პლანტაციები.

ყველას მოგვიკრავს ყური იმ აზრისთვის, რომ თხილის ბიზნესი მომგებიანია და ეს შეიძლება სტრატეგიული მიმართულება იყოს ეკონომიკისთვის, თუმცა საქმე ისაა, რომ თხილი უკვე არის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი და შემოსავლიანობით ღვინოსაც კი უსწრებს.

ბოლო ათი წლის მონაცემებით, 9 წლის განმავლობაში თხილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს აღემატებოდა, ღვინომ მხოლოდ 2008 წელს გადაუსწრო თხილს და ისიც, სულ რაღაც 5 მილიონით.

მაშინაც კი, როდესაც ღვინის გაყიდვები პიკს აღწევდა, ანუ 2014 წელს - $180 მილიონი, თხილმა $3 მილიონით მეტი შემოსავალი მოუტანა საქართველოს. მომდევნო წლებში ღვინის მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. მაგალითად, 2015 სულ $75 მილიონის ღვინო გავყიდეთ, ხოლო თხილის ბიზნესიდან მიღებულმა შემოსავალმა $177 მილიონი შეადგინა.

წლევანდელი წინასწარი მონაცემებით, რომელშიც იანვარი-სექტემბრის მონაცემებია გათვალისწინებული, მეღვინეები $74 მილიონს გამოუმუშავებენ ჩვენს ქვეყანას, ხოლო თხილის ბიზნესი $116 მილიონით გაგვამდიდრებს.

აშკარაა, რომ საქმე მუდმივად მზარდ და პროგრესირებად სფეროსთან გვაქვს, რომელსაც ქვეყნისთვის უკვე მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი, ამიტომ ალბათ დროა, თხილი ჩვენი ქვეყნის იმიჯის ნაწილიც გახდეს, გავხდეთ თხილის ქვეყანა და ღვინის სამშობლო.