რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების საათების კოლექცია აქვს, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არაა, რაც ქონების დამალვასა და კანონის დარღვევას ნიშნავს.

მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილის საათების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი 7 წელში. 2012-2019 წლებში მისი ჯამური შემოსავალი 500 ათასი ლარი იყო, რაც საათების ღირებულებაზე 100 ათასი ლარით ნაკლებია

რადიო თავისუფლების ცნობით, ღარიბაშვილი და მისი ცოლი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოძრავი ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება, მისი დეკლარაციაში ასახვაც აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ ღარიბაშვილს ეს საათები აჩუქეს, ის კანონს მაინც არღვევს — 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრად მიღებული ნივთების დეკლარაციაში ასახვა სავალდებულოა. ღარიბაშვილს საათების შესახებ არც ამ გრაფაში აქვს მითითებული.