ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ვიცე-პრეზიდენტ, ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრისას აღინიშნა.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მის სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზი ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

"ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო — სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად",- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

"ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ის ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელია სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები", — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.