Google Chrome-ის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ფუნქცია, რომელიც ტაბებს შორის ნავიგაციას გაგიმარტივებთ.

ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ Google Chrome-ის ბოლო (v81) ვერსია გიყენიათ. ჩამოშალეთ პარამეტრების მენიუ, შედით Help-ში და გახსენით About Google Chrome. თუ თქვენ უახლესი ვერსია არ გიყენიათ, მის გადმოწერას გახსნილი პანელიდანვე შეძლებთ.

როგორც სახელი მიანიშნებს, ტაბების დაჯგუფების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ.... რომ ტაბები დააჯგუფოთ. ჩემსავით, ალბათ თქვენც ხშირად გაქვთ რამდენიმე ტაბი ერთად გახსნილი, ზოგჯერ კი ტაბების რაოდენობა ათეულსაც ცდება.

ამ დისკომფორტის აღმოსაფხვრელად Chrome Store-ში დამატებები ამ დრომდეც არსებობდა, თუმცა ახლა ფუნქცია უკვე პირდაპირ ბრაუზერშია ჩაშენებულ.

თუ ფუნქცია განახლების შემდეგაც არ გამოჩნდება, მის "ხელით ჩართვას" სტატიის ბოლოში გასწავლით.

ჯგუფების გამოსაყენებლად, პირველ რიგში, ტაბს მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ, აქ დაგხვდებათ ორი შესაძლებლობა, ახალი ჯგუფის გაკეთება (Add to New Group) და ტაბის უკვე არსებულ ჯგუფში დამატება (Add to Existing Group).

თითოეული ჯგუფი შესაბამისი ფერის მქონე პატარა ბურთით და იმავე ფერის გრძელი ხაზითაა მონიშნული. ბურთზე დაჭერით შეგიძლიათ ჯგუფს სახელი დაარქვათ, დაშალოთ ის ან შეუცვალოთ მას ფერი.

აღნიშნული ფუნქცია დაგეხმარებათ, რომ, მაგალითად, ერთმანეთისგან განაცალკევოთ სოციალური ქსელის და სამუშაო ტაბები, რაც ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთებას გაგიადვილებთ.

ტაბების ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაგდება უბრალოდ მაუსის მოძრაობითაც შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ ჯგუფის სახელს (ან ბურთს) ისარი მოჰკიდოთ და ტაბების ერთობლიობა ერთი მოძრაობით გადააადგილოთ.

მომავალში ჯგუფებს, სავარაუდოდ, კიდევ დამატებითი ფუნქციებიც შეემატება.

თუ ქრომის განახლების მიუხედავად ჯგუფების ფუნქცია თქვენთან მაინც არ დაემატა, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ:

  1. მისამართების ველში ჩაწერეთ chrome://flags და დააჭირეთ Enter-ს;
  2. მოძებნეთ tab groups და პარამეტრი გააქტიურეთ, ანუ მონიშნეთ Enable.

სულ ეს არის. იმედი მაქვს ახალი ფუნქცია ინტერნეტში ნავიგაციას თქვენც გაგიადვილებთ.