იმის დასამტკიცებლად რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პანდემიისას მხოლოდ TikTok-ით არ ერთობა, პარტია მისი დღის განრიგს აქვეყნებს.

პარტიის განმარტებით, ივანიშვილის ერთი სამუშაო დღის მაგალითზე სურთ აჩვენონ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.

"მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე, მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.

ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარსა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

პოლიტიკურმა პარტია ქართულმა ოცნებამ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის TikTok ვიდეოზე ვრცელი განმარტება გაავრცელა. ისინი ფიქრობენ, რომ "აბსოლუტურად უწყინარ გართობაზე" ოპონენტებმა "უკადრებელი იკადრეს" და "ღვარძლიანი" კრიტიკის ტალღა გაუშვეს. ასევე, ისინი ფიქრობენ, რომ განცხადებები "აბსურდული და სასაცილოა", თუმცა მათ მაინც პასუხობენ.

პანდემიის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.

ამავე თემაზე: