უოლტ დისნეის კომპანია, რომელიც აშშ-ში, ევროპასა და აზიაში თემატურ პარკებსა და სასტუმროებს ფლობს, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო 100 000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის.

ამ გადაწყვეტილებით კომპანია ყოველთვიურად 500 მილიონ დოლარზე მეტის დაზოგვას შეძლებს.

BBC-ის ცნობით, დისნეის შემოსავლები მხოლოდ 2019 წლის ბოლო სამ თვეში $1,4 მილიარდზე მეტი იყო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მართალია, თავიანთი თანამშრომლების თითქმის ნახევარი აუნაზღაურებელ შვებულებაში გაუშვეს, მაგრამ ისინი მანამდე არსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებით სარგებლობას კვლავ შეძლებენ და ასევე კომპანია დასაქმებულებს დაეხმარება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დახმარების პროგრამაში მოხვდნენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს შეეხებათ.

ამერიკაში შექმნილი მდგომარეობის გამო უმუშევრობის რიცხვი დღითი დღე იზრდება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებს და ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს.

მოგზაურობისა და გართობის ინდუსტრია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაზარალდა. მათ შორის მოხვდა დისნეის კომპანიაც თავისი გასართობი პარკებით, თუმცა სანაცვლოდ მისმა ახალმა სტრიმინგ სერვისმა Disney+ ამოქმედებიდან ხუთ თვეში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი დააგროვა.

გასულ თვეში დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა განაცხადა, რომ პანდემიის განმავლობაში თავის კუთვნილ ხელფასს არ აიღებდა. ბობ აიგერი ამ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად კადრად ითვლება: გასულ წელს მან $47,5 მილიონი გამოიმუშავა.