ადამიანის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად ვითარდება ეკონომიკაც, იცვლება მიდგომები, სტანდარტები და სტრატეგიები. დღეს განვითარებული ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალურ რესურსებს და ამ რესურსებზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემას.

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში არაერთი ბიზნესი გაჩერდა, რის გამოც ეკონომიკა დიდი კრიზისის წინაშეა. ამ ყველაფრიდან გამოსავალი ისეთ ინოვაციურ პროდუქტებში, ინტელექტუალურ რესურსში და სტარტაპებშია, რომლებიც ერთის მხრივ ბიზნეს იდეას წარმოადგენენ, მერე მხრივ კი ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ გზასგვთავაზობენ.

საქართველოში ინოვაციების, კვლევების, სტარტაპერების განვითარებასა და დაფინანსებაში დიდი წვლილი ევროკავშირს მიუძღვის. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მზადდება ადამიანური კაპიტალი საქართველოში ისე, რომ ის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო ბაზრისთვის სასარგებლო გახდეს.

ფოტო: Shutterstock

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

ის დიდი მისია, რაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ცოდნის კომერციალიზაციას, მაღალი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და ექსპორტს გულისხმობს საქართველოში თავის თავზე GITA-მ აიღო.

სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომა და სერვისები ყველასთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ყველას ჩართულობით ქვეყანაში ინტელექტუალურ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა შეიქმნას.

GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სააგენტოს 5 ძირითადი მიმართულება აქვს:

  • ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის კანონების ფორმირება;
  • უნარების განვითარება;
  • ფინანსებზე წვდომა;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა.

მოკლედ მოგიყვებით რას გულისხმობს თითოეული მათგანი.

ფოტო: GITA

1. საკანონმდებლო ბაზის ფორმირება გულისხმობს არსებული კანონების ცვლილებას ან ახალი კანონების შექმნას, რათა ქვეყანაში სტარტაპ საქმიანობა გამარტივდეს.

2. უნარების განვითარების ფარგლებში GITA ტრენინგებსა და აქსელერაციის ფორმატის შეხვედრებს ატარებს. ეს უკანასკნელი სტარტაპებს ეხმარება, რომ ის კურსი რისთვისაც დამოუკიდებლად ერთი წელი დასჭირდებოდათ სამ თვეში მოაგვარონ. ამ მხრივ დიდი ყურადღება ექცევა IT უნარების განვითარებას, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სამუშაოა. GITA სექტემბრიდან 3 000 IT სპეციალისტს გადაამზადებს. სააგენტო ცდილობს, რომ ტრენინგები ხელმისაწვდომი იყოს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში სოციალურად დაუცველებისთვის შშმ პირებისთვის და ასე შემდეგ.

მარიამმა სასიამოვნო ამბავი გაგვიმხილა და გვითხრა, რომ 25 აპრილიდან საქართველოში ისეთი მსოფლიო მოთამაშე შემოვა, როგორიც 500startap-ია, ის იმ ქართულ სტარტაპებს დაეხმარება, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე სურთ პროდუქციის გატანა.

3. სტარტაპი რისკიან ინვესტიციად ითვლება, ამიტომ დიდია შანსი დაფინანსების მოპოვება გაგიჭირდეთ. ამ მხრივ სახელმწიფოს სამი ძირითადი გრანტი აქვს:

  • 5 000 ლარიანი გრანტი ძირითადად იდეის პროტოტიპირებისვითს, ანუ პირველადი ნიმუშის შექმნისთვის;
  • გრანტი სამოგზაურო მიზნებისთვის, რომლითაც სტარტაპს შეეძლო საერთაშორისო გამოფენებზე გაეტანა თავისი პროდუქტი;
  • COVID-19-ის გამოწვევისთვის 15 000 ლარიანი გრანტი, რომელიც ციფრულ და ინოვაციურ გადაწყვეტებს აფინანსებს. გრანტზე განაცხადის გაგზავნა წლის ბოლომდე შეგიძლიათ.

ამ მხრივ GITA-ს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მსოფლიო ბანკი უწევს, რომელსაც 100 000 და 650 000 ლარიანი გრანტები აქვს. პირველი იმ სტარტაპისთვის, რომლებმაც პროტოტიპი შექმნა და განვითარების ეტაპზეა, რომ ისწავლონ როგორ წარმართონ სწორად პროცესი. 650 000 ლარიანი გრანტი კი აფინანსებს სტარტაპს, რომელსაც გლობალურ ბაზარზე გასვლა სურს.

ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სააგენტო საქართველოს მასშტაბით ტექნოპარკების ფორმირებას ახორციელებს. ტექნოპარკი უკვე მოქმედებს თბილისში, ზუგდიდში, თელავში, რუხში, ჭოპორტში, ბაღდათსა და ახმეტაში. მარიამმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ წელს უკვე დაემატება ბათუმის, კასპისა და გურჯაანის ტექნოპარკები.

კორონავირუსთან გასამკლავებლად სტარტაპერებს შეუძლიათ იქ არსებული ინფრასტრუქტურა და სივრცეები გამოიყენონ, მაგალითად დაბეჭდონ პროდუქცია 3D პრინტერებით და მარტივად ჩაუშვან წარმოებაში.

ევროკავშირის პარტნიორობა GITA-სთან

ფოტო: Caucasus Business Week

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეხუთე მიმართულება კვლევისა და განვითარების ხელშეწყობაა. ამ სფეროში ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ევროკავშირია. ის გვეხმარება, რომ ღრმა სამეცნიერო პროექტების გამოყენება და რეალიზება მოხდეს.

მარიამ ლაშხმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტისთვის ევროკავშირმა 2,7 მილიონი გამოყო. ამ გრანტს ევროკავშირი მსოფლიო ბანკს აძლევს, ის კი საერთო პროექტისთვის საქართველოს. მარიამის განმარტებით, 2,7 მილიონიდან 1 მილიონი ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის ფორმირებაზე დაიხარჯება, თანხის ნაწილი მიემართება საინვესტიციო პოტენციალის შეფასებას, როგორ სტარტაპების ისე ინვესტორების კუთხით. დარჩენილი თანხა კი სააგენტოს უნარების განვითარებაზე დაიხარჯება.

მარიამ ლაშხის თქმით, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამ საქართველოს მისცა შანი ძალიან მნიშვნელოვან კონკურსებზე წვდომის. მისი თქმით, EU4Innovation მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტში საქართველოსთვის კონკრეტული რესურსი იქნება გამოყოფილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად ჩვენი კვლევების რეალიზება მოვახდინოთ და პარტნიორებს დავუკავშირდეთ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის დახმარებები. ზოგადად დონორების დახმარება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რადგან გარდა იმისა, რომ დამატებით ფინანსურ რესურსზე გვიჩნდება ხელმისაწვდომობა, გამოყოფენ ფულს სეხის თუ გრანტის სახით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ესაა ჭკვიანი ფული. ის თავისუფლად კი არ იხარჯება, არამედ პირველ რიგში ხდება სტანდარტიზაცია, დაწესებული გვაქვს გაიდლაინი როგორ უნდა გამოვიყენოთ, რას უნდა მივაღწიოთ ამ დანახარჯით", — აღნიშნავს მარიამ ლაშხი.

წარმატებული ინოვაციის მაგალითი საქართველოდან

ბავშვობაში შეიძლება ბევრ თქვენგან უფიქრია მეხანძრეობაზე, ხალხის დახმარებაზე და ცეცხლის სტიქიისგან გადარჩენაზე. და ისეთ ტანსაცმელზე თუ გიფიქრიათ ოდესმე, რომელიც ცეცხლისგან სრულიად დაგიცავთ და თან უნიკალური გაგრილების სისტემაც ექნება?

ამ ინოვაციაზე ელვენ ტექნოლოჯის-მა იფიქრა და მოიფიქრა კიდეც ისეთი მეთოდი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. კომპანიის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ იდეა სამ მეგობარს მაშინ გაუჩნდა, როცა ნასას მარსის 2024 წლის მისიაზე ფიქრობდნენ. მათ სურდათ, რომ ამ ისტორიულ მოვლენაში თავიანთი წვლილი შეეტანათ და ასტრონავტებისთვის სპეციალური კოსტიუმები შეექმნათ. მუშაობის პროცესში აღმოაჩინეს ნაჭრების კომბინაცია, რომელიც სრულად ცეცხლგაუმტარია და გაგრილების სიტემის პროტოტიპი შექმნეს.

ამ აღმოჩენის შემდეგ ელვენ ტექნოლოჯის-მა გადაწყვიტა ჯერ ისეთ პროდუქტზე დაეწყოთ მუშაობა, რომელიც დედამიწაზე დაიტესტებოდა და ადამიანებს გამოადგებოდათ, სწორედ ასე შეიქმნა მეხანძრის ცეცხლგაუმტარი კოსტიუმი.

"27 მარტს შესრულდა ერთი წელი, რაც მეხანძრის კოსტიუმის იდეაზე ვმუშაობთ. ამ დროისთვის ბოლო შედეგი არის ის, რომ ჩვენი გაგრილების სისტემა და ცეცხლგაუმტარი შრე ნახევარი საათის განმავლობაში უძლებს მაქსიმალურ ტემპერატურას 1 200 გრადუსს. დღევანდელი მეხანძრის კოსტიუმი ადამიანს 8-წამიან დაცვას სთავაზობს, რვა წამიდან ნახევარ საათამდე ასვლა არის 225-ჯერ უკეთესი შედეგი", — ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

დაგვეთანხმებით, რომ ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად მხოლოდ ინტელექტი საკმარისი არაა და ასეთ შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. GITA და ევროსაბჭო სწორედ ის ორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ამ გიჟური იდეის დაიჯერეს. მეხანძრის ცეცხლგაუმტარმა კოსტიუმმა ჯერ GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტი მოიგო, შემდეგ ევროსაბჭოს კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და 30 000 ევროიანი დაფინანსება მოიპვა.

ფოტო: ელვენ ტექნოლოჯის

"ევროსაბჭოს კონკურსში გამარჯვება არ იყო მხოლოდ თანხობრივი დახმარების გრანტის მომტანი, მათთან ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ხნის გეგმები, ერთი წლის გეგმა დაგვალაგებინეს ძალიან დაგვეხმარნენ უამრავი. აქაც ჩამოვიდნენ, ბევრჯერ შევხვდით და ვითანამშრომლეთ, თვეში-ორ თვეში ერთხელ მინიმუმ გვაქვს კავშირი და სულ გვეხმარებიან, რომ გზას არ ავცდეთ, მათ შორის კონტაქტებში. ნდობას გვაძლევს ის, რომ სერიოზული კონკურსი გვაქვს მოგებული", — ამბობს On.ge-სთან ვამეხი.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა კოსტიუმს ქართველი მეხანძრეები 2020 წლის ბოლოს დატესტავენ, შემდეგ ის ევროპისა და ამერიკის სერტიფიცირებას გაივლის და უკვე მზად იქნება ბაზარზე გასატანად. მანამდე კი, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა ელვენ ტექნოლოჯის ადამიანების ვირუსისგან დაცვაზე ზრუნავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სულ რამდენიმე დღის წინ GITA-ს საგრანტო კონკურსში გაგზავნეს იდეა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სწრაფად და მარტივად ძლიერი ჰერმენტული დაცვის რესპირატორების წარმოება დავიწყოთ. ვამეხმა გაგვიმხილა, რომ კომპანიის დამფუძნებელი სამი ადამიანიდან ორი ყოფილი ექიმია და ახლა ტექნოლოგიების საშუალებით ცდილობენ მოქალაქეებს დაეხმარონ.

თუ პროექტმა გრანტი მოიგო და პროტოტიპმა ლუგარის ლაბორატორისაა და CDC-ის სტანდარტებიც დააკმაყოფილა ივნისის ბოლოდან კომპანია მაღალი ხარისხის დაცვის, მრავალჯერადი რესპირატორების წარმოებას დაიწყებს.

ეს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება დადებითად გამოვიყენოთ დრო და პანდემიით გამოწვეული სიტუაცია, რომ საკუთარი და სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მგავს ინტელექტუალურ შრომას კი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა აძლიერებს.