დოკუმენტური სერიალი Tiger King არა მხოლოდ ამ სეზონის, არამედ ბოლო წლების ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შოუდ იქცა, თუმცა, როგორც ჩანს, პირველობაში მას ასევე ნეტფლიქსის სერიალი Money Heist შეეცილა.

Deadline-ის ცნობით, Tiger King გამოსვლის დღიდან (20 მარტი) ოთხი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ნეტფლიქსის 64 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. იმავე მონაცემებით კი ესპანურენოვან სერიალ La Casa de Papel-ის (იგივე Money Heist) მეოთხე სეზონს 65 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

მიუხედავად ამ შთამბეჭდავი ციფრებისა, ორივე შოუს ცოტა დააკლდა, რომ ნეტფლიქსის წინა რეკორდი გაეუმჯობესებინა: გასულ წელს მთავარ როლში ჰენრი კავილის მონაწილეობით გამოსული ფენტეზის ჟანრის სერიალი The Witcher 76 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა ერთ თვეში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ნახვების რაოდენობის დათვლის მექანიზმი ბოლო პერიოდში შეცვალა: ფილმის ან სერიალის "ერთ ნახვად" ითვლება მისი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში ყურება. მანამდე ნეტფლიქსი ტელევიზიების მსგავსად ტრადიციულ მეთოდს იყენებდა და ერთი ეპიზოდის ან ფილმის მინიმუმ 70% უნდა ენახა მაყურებელს, რომ ის სტატისტიკაში ასახულიყო.

ნეტფლიქსი მსოფლიოში ცნობილი გიგანტური სტრიმინგ სერვისია, რომელსაც მთელ მსოფლიოში 182,8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს — The New York Times-ის ცნობით, მარტო ამ წლის დასაწყისში 15,7 მილიონი ახალი მომხმარებელი შეემატა.