დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებული საწარმოები, რომლებმაც შეზღუდვების დაწესების შემდეგ წარმოება შეაჩერეს, დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდიან. მისი თქმით, თბილსერვის ჯგუფმა ასეთი სუბიექტები უკვე აღრიცხა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება ამ კომპანიებს არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა", - განაცხადა მან.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, არამხოლოდ თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთმა საწარმომ შეაჩერა მუშაობა. ამ ეტაპზე კომუნალურებზე შეღავათები მხოლოდ მოქალაქეებს და თბილისში არსებულ კომპანიებს აქვთ.