მთავრობის ადმინისტრაცია დღეს ოფიციალურად ადასტურებს, რომ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გადაადგილება დასაშვები გახდება.

პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, მოქალაქეებს გადაადგილება დილით 6-დან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო საღამოს — 6-დან 7 საათამდე.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, ეს დასაშვები გახდა იმისთვის, რომ "თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თვალსაზრისით".

მისივე განმარტებით, მოქალაქეების უზრუნველყოფა ნებართვებით მუნიციპალიტეტებსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებში მოხდება.

როგორც On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურში განუმარტეს, მანქანით გადაადგილებისთვის საჭირო იქნება ნებართვა, რომელსაც რეგიონული შტაბი გასცემს. როგორ უნდა მიიღონ ეს ნებართვა მოქალაქეებმა — ადგილზე მისვლით თუ ცხელი ხაზის საშუალებით, ამ დრომდე უცნობია. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქეები დეტალებზე მუნიციპალიტეტებს უნდა დაუკავშირდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიზნებით დროის გარკვეულ მონაკვეთში მანქანებით გადაადგილებას დაუშვებდნენ, გუშინ, 21 აპრილს, საღამოს გავრცელდა. მაშინ მთავრობის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.