ოფიციალურად დადასტურდა, რომ კინოსტუდია Lionsgate ცნობილი დისტოპიური ჟანრის ფილმების სერიის — შიმშილის თამაშები — ახალ ნაწილზე მუშაობს.

ახლა ფილმს კვლავ ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც ასევე ავტორია ცნობილი ტრილოგიისა, რომლის ეკრანიზაციაც იყო ამ ფრენჩაიზის წინა ფილმები.

The Ballad of Songbirds and Snakes ასე ჰქვია კოლინზის ახალ წიგნს, რომელიც პირველად შემდეგ თვეში უნდა გამოქვეყნდეს. ახალი წიგნი წინა ნაწილების პრიქველია და ის შიმშილის თამაშების ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

მართალია, ჯერ წიგნი მკითხველების ხელში არ აღმოჩენილა და არც ერთგულ ფანებს შეუფასებიათ ის, თუმცა Lionsgate დროს არ კარგავს და უკვე იწყებს ეკრანიზაციაზე მუშაობას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან წინა ეკრანიზაციებმა, რომლებიც 2012-2015 წლებში გამოვიდა, კომპანიას $2,97 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ახალ ფილმს კვლავ ფრენსის ლოურენსი გადაიღებს, რომელიც ასევე შიმშილის თამაშების წინა სამი ნაწილის რეჟისორია.

ჯერჯერობით ფილმის გამოსვლის თარიღზე საუბარი ნაადრევია და არც სამსახიობო გუნდის შესახებ ვიცით რამე, თუმცა, რაც მთავარია, წინ კიდევ ერთი საოცრად ემოციური, დაძაბული და დაუვიწყარი თავგადასავალი გველის პანემში.

ფოტო: Giphy