ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარისა და მისი შვილის TikTok ვიდეოს გამოეხმაურა და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფონზე ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, მოქალაქეები TikTok-ებით გაართოს.

მისი თქმით, ხალხს მთავრობისგან პასუხები სჭირდება იმაზე, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე.

"რა გარანტია გვაქვს რომ ჩვენ 22-ში დავამთავრებთ, ან თუ არ დავამთავრებთ მაშინ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება. იმიტომ, რომ ადამიანებმა უნდა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღეს პარლამენტში საგანაგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას კენჭს უყრიან. როგორც ცნობილია გაგრძელებას მხარს უმრავლესობა დაუჭერს, ოპოზიცია კი მხარდაჭერას არ აპირებს.

პანდემიის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.

ამავე თემაზე: