ქართულ ოცნებას სურს, რომ თავისივე ინიცირებულ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს, რაც არასაგანგებო მდგომარეობის დროს, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისას ჯარიმების ცვლილებას გამოიწვევს. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ არასაგანგებო და საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა სხვადასხვა მუხლით დარეგულირდება.

მისივე თქმით, საგანგებო-საომარი მდგომარეობის დროს სანქცია პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით იქნება განსაზღვრული.

ოხანაშვილის განმარტებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, არასაგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის ან იზოლაციის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები — 15 ათასი ლარის ნაცვლად, 10 ათასი ლარით.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის აქამდე გამოწერილი ქვითრები ძალაში რჩება.

ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

"პრინციპების დონეზე ჩვენ ვიმსჯელეთ და მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში ცვლილება შევიდეს არა 177-ე მე-15 მუხლში, არამედ 42-ე მე-10 მუხლის სახით ჩამოყალიბდეს ნორმა, სადაც იგივე შინაარსი იქნება ზუსტად გაწერილი, იზოლაცია ანდა კარანტინის წესის დარღვევა. ამ შემთხვვაშიც გათვალისწინებული იქნება ჯარიმა. კერძოდ, ნაცვლად კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევის მუხლისა, ჩვენ შემოვიტანეთ 42-ე მე-10 მუხლში, ამიტომ ესე ვთქვათ, თავი შევუცვალეთ და სხვა თავში შეგვაქვს ეს მუხლი და რაც შეეხება ჯარიმას, გათვალისწინებულია ნაცვლად 3 ათასი ლარისა, 2 ათასი ლარი, როდესაც არ გვაქვს საგანგებო საომარი მდგომარეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათასი ლარი", — განაცხადა ოხანაშვილმა.