საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აზრით, აღდგომას ემოციურად დატვირთული კადრები გავრცელდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ამ დღეს მოქალაქეები გაერთიანებულები იყვნენ.

იმედის ეთერში მან მადლობა გადაიხადა საზოგადოებას, რომელმაც აღდგომის დღესასწაულზე პასუხისმგებლობა გამოაჩინა.

"მართლაც ძალიან ემოციურად დატვირთული კადრები ვიხილეთ, როდესაც ძალიან ძნელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ასეთ პირობებში შეხვდე. ეს იყო მართლაც კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ შეუძლია ერს კონსოლიდირება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სულ რამდენიმე მომენტი მახსენდება, როცა, აი, ასე იყო გაერთიანებული ერი. ეს მართლაც ძალიან კარგი ნიშანია", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

19 აპრილს სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა, პატარა ტაძრებში კი მეორე დღეს, დილით. მრევლი ეკლესიებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა და სახლში წასვლა მხოლოდ დილით 6 საათზე მოახერხა.

მაშინ როცა ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ სახლში დარჩენილიყვნენ და ეკლესიაში აღდგომას არ წასულიყვნენ, სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის სინოდის წევრები, ექიმების რჩევებს არ ითვალისწინებდნენ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 4 გარდაცვალება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 97-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩევა 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 573.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: