არსებული ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება გარკვეულ დროს იქნება შესაძლებელი. კერძოდ კი, დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე.

ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

"აუცილებელი პირობაა, რომ გადაადგილების დროს დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი)", — აღნიშნულია ყველა განცხადებაში.

რეგიონებში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ფოფხაძემაც გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge მთავრობის პრესსამსახურის დაუკავშირდა, თუმცა იქ განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.