იტალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას და ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო გაერთიანებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა გარკვეული უფლებები მიანიჭა დაუქორწინებელ ლგბტ წყვილებს. Reuters-ის ინფორმაციით, იტალია დასავლეთ ევროპის ბოლო ქვეყანაა, რომელმაც გეი წყვილები იურიდიულად აღიარა.

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრისას ცვლილებას 369-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 193.

კანონპროექტი გეი წყვილებს უფლებას აძლევს გაიზიარონ გვარი, განკარგონ პარტნიორის პენსია გარდაცვალების შემთხვევაში და ასევე, ერთმანეთის ქონება ზუსტად ისე, როგორც ეს ყველა სხვა დაქორწინებულ წყვილს შორის ხდება.

დაუქორწინებელმა გეი წყვილებმა მიიღეს უფლება, რომ ავად გახდომის, სიკვდილის, ან დაპატიმრების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ პირებად იქნებიან მიჩნეული.

შვილად აყვანის საკითხი ყველაზე სადავო იყო კანონპროექტში, რადგან იგი აღშფოთებას იწვევს კონსერვატორებსა და კათოლიკეებში. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სუროგაციის ლეგალიზებას, რაც ამჟამად იტალიაში არაკანონიერია.

კანონს ჰყავს დიდი მოწინააღმდეგე კათოლიკური ჯგუფის სახით, თუმცა ლგბტ აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ცვლილება მეტისმეტად "მოკრძალებულია".

სანამ პარლამენტში ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის კანონს იღებდნენ, ქუჩაში ლგბტ აქტივისტები აქციას მართავდნენ ბანერებით "ეს მხოლოდ დასაწყისია".

"ამდენი ხნის შემდეგ, დღესასწაულის დღე დადგა მათთვის, ვინც საბოლოოდ აღიარეს. კანონები იქმნება ხალხისთვის და არა იდეოლოგიებისთვის", - სოციალურ ქსელში წერს იტალიის პრემიერი მატეო რენცი.

იტალიის პრემიერმა 2014 წელს, თანამდებობის დაკავებისას თქვა, რომ ლგბტ პირთა უფლებების დაცვა მისი პრიორიტეტი იქნებოდა.