ჯერ კიდევ თებერვალში გავიგეთ, რომ საკულტო სიტკომის — Friends-ის მსახიობები სერიალის დასრულებიდან 16 წლის შემდეგ კვლავ ერთიანდებიან და ეკრანებზე ახალი პროექტით ბრუნდებიან.

მართალია, ამჟამად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებული ზომების გამო ერთგულ მაყურებლებს საყვარელი მსახიობების ერთად ხილვა დაგეგმილზე უფრო გვიან მოუწევთ — HBO Max-მა პროექტზე მუშაობა დროებით შეაჩერა, მაგრამ სანაცვლოდ ფანებს შანსი ეძლევათ, ამ პროექტის ერთგვარი მონაწილეები გახდნენ.

ამის შესახებ ჯენიფერ ენისტონმა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება ინსტაგრამზე: თუ საქველმოქმედო ორგანიზაციაში თანხას გადარიცხავთ, შესაძლებლობა გეძლევათ ის რჩეული გახდეთ, რომელიც თავის კიდევ ხუთ მეგობართან ერთად ამ ახალი სპეციალური ეპიზოდის ჩაწერას დაესწრება.

დაუჯერებელია, არა?

საუკეთესო მეგობრებთან ერთად შესაძლებლობა გეძლევათ იმ მეგობრებს შეხვდეთ, რომლებთან ერთადაც არაერთი საათი გაქვთ გატარებული.

ფოტო: Giphy

ერთგული ფანების გახარებასთან ერთად, ამ კამპანიით შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული ადამიანების აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფას მოხმარდება.

ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუ რა სახე ექნება ჯენიფერ ენისტონის, კორტნი კოქსის, ლიზა კუდროუს, მეთ ლებლანკის, მეთიუ პერისა და დევიდ შვიმერის კვლავ ერთი მიზნისთვის ერთ სცენაზე გაერთიანებას, თუმცა რაც უნდა იყოს, გვჯერა, რომ დაუვიწყარი სანახაობა იქნება, განსაკუთრებულად კი იმ ფანებისთვის, რომლებიც მის ჩაწერაზე მოხვდებიან.