საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

გადაწყვეტილება ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააჟღერა.

"დღეს საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს. მინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობას შესაძლებლობა ექნება აქამდე მოქმედი შეზღუდვები შეამსუბუქოს.

"27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის. ამასთან, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური ცხოვრებისათვის ხელშეწყობა", — თქვა მან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება.