ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ სამსახურეობრივი იარაღით, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით ისროლა. ადვოკატ ნუგზარ წერეთლის განცხადებით, პოლიციელი სროლის დროს ნასვამი იყო.

"აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში განახორციელა გასროლა [..] აღიარებს იმ ფაქტს, რომ მან კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ფაქტია, რომ უბედური შემთხვევა არის ზუსტად ამ კატეგორიის და ამ ტიპის შემთხვევა, როცა ყოველგვარი განზრახვის გარეშე დგება ის ლეტალური შედეგი, რომელიც მოცემულ შეთხვევაში დადგა", — თქვა ნუგზარ წერეთელმა.

რუსთავი 2-თან საუბრისას ადვოკატმა, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიციელი მეგობრებთან ერთად საკუთარ სახლში დღესასწაულს აღნიშნავდა. მისი თქმით, მეგობრები კომენდანტის საათის დაწყებამდე დაიშალნენ, გასროლის დროს კი ბრალდებული მარტო იყო.

პროკურატურის განცხადებით, ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიების ინფორმაციით, შს-ს თანამშრომელმა ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს.

უწყების განცხადებით, შსს-ს თანამშრომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.