ყვითელი ხოკერა (ინგ. yellow boxfish) სტანდარტული გარეგნობის თევზი ნამდვილად არ არის. გლუვი კუბის ფორმის გამო ის ფარფლებიან პლასტმასის სათავსოს წააგავს. განზე გაწყობილი თვალები და მუდამ დაღებული პირი ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ხოკერა მუდამ გაოცებულია.

ასეთ უჩვეულო გარეგნობის ცხოველის შემხედვარე ალბათ იფიქრებთ, რომ ეს თევზი იშვიათად მოიძებნება, თუმცა ყვითელი ხოკერა მარჯნის რიფებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებში უხვადაა და ისინი ძირითადად პატარა კრევეტებით იკვებებიან.

რბილად რომ ვთქვათ, ეს თევზი მაინცდამაინც მოქნილი არ არის. უცნაური ფორმის და პატარა, თითქმის ბუტაფორიული ფარფლების გათვალისწინებით, ზოგ მკვლევარს საერთოდ ისიც უკვირს, რომ ეს არსება გადაადგილებას ახერხებს. ნადირობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ამ უცნაური ცხოველით ვაგენინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი პიმ ბუტი დაინტერესდა. მან, სხვა მეცნიერებთან ერთად, ყვითელი ხოკერას გადაადგილების და ქცევის შესწავლა გადაწყვიტა.

ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზედაპირული გარეგნობა ხოკერას ყველაზე უცნაური თვისება არაა.

Royal Society of Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ბუტი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ სხვა თევზებისგან განსხვავებით, რომლებიც სხეულს ფარლებთან ტანდემში ამოძრავებენ, ხოკერას მსგავსი ფუფუნება არ აქვს.

ამ უცნაურ თევზს, სხეულში ხრტილოვანი და ძვლოვანი თეფშები აქვს, რაც მისი სხეულის კუნთების მოძრაობას შეუძლებელს ხდის. ამიტომ გადაადგილებისთვის, ხოკერა თავის პატარა ფარფლებს და "კუდს" ეყრდნობა.

უცნაური ისაა, რომ წლების მანძილზე ჩატარებული კვლევები, რომლებიც ხოკერას ძვლოვან თეფშებს ეხებოდა, ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებამდე მივიდნენ. ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კარაპასები (იგივე ძვლოვანი თეფშები) თევზს სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება, ზოგი კი პირიქით, მიიჩნევს რომ მსგავსი აღნაგობა ხოკერას არასტაბილურს ხდის.

ბუტი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ მოუქნელი ანატომიის საკომპენსაციოდ თევზი კიდურა ფარფლს იყენებს, რომელიც მას სტაბილურობის და ჰორიზონტალური მიმართულების შენარჩუნებაში ეხმარება.

ნაკადის დინამიკის სიმულაცია ხოკერას სხეულზე

ნაკადის დინამიკის სიმულაცია ხოკერას სხეულზე

ფოტო: University of Antwerp

თეორიის დასატესტად კვლევის ავტორებმა თევზის სამგანზომილებიანი პლასტმასის მოდელები შექმნეს და სხვადასხვა დინებაში მოათავსეს. სპეციალური სენსორები კი მოდელზე ნაკადის გავლენის გასაზომად გამოიყენებოდა.

მკვლევრები პროცესში დინების მიმართულებას და ინტენსივობას ცვლიდნენ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დინების პირობებში, კიდურა ფარფლი ფორმას იცვლის, ამიტომ, მეცნიერებმა ესეც გაითვალისწინეს.

ექსპერიმენტის საფუძველზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფარფლის გარეშე თევზი უბრალოდ ნაკადს გაჰყვებოდა და დინება მის უკონტროლო მოძრაობას გამოიწვევდა. ფარფლი კი ამის თავიდან არიდებას ახერხებდა.

ეკოლოგი და ევოლუციური ბიოლოგი, მალკომ გორდონი მიიჩნევს, რომ ეს კვლევა ბევრ უცნობ დეტალს ფენს ნათელს, თუმცა ის მაინც მიიჩნევს, რომ თევზის "მოუქნელი" ანატომია, არც ისე მოუქნელია და სტაბილურობის შენარჩუნებაში, კიდურა ფარფლთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ მეცნიერები ათწლეულებია უკვე დაობენ თევზის კვადრატული ფორმა ხოკერას სტაბილურობაში ეხმარება თუ ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ ბუტის და მისი გუნდის კვლევა საიდუმლოს ამოხსნასთან გვაახლოებს, მეცნიერი ამბობს, რომ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.