სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად ავადაა. როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩრდილოეთიდან არ ყოფილა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ 36 წლის ლიდერი სერიოზულად ავადაა.

სპეკულაციები კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ გაჩნდა იმის გამო, რომ ის რამდენიმე დღეა კამერების წინაშე არ გამოჩენილა. კიმ ჩენ ინმა 15 აპრილს ბაბუამისის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამოტოვა. ეს თარიღი რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორც BBC წერს, კიმს აქამდე ეს ღონისძიება არასდროს გამოუტოვებია და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ იქ უმიზეზოდ არ გამოცხადებულიყო. ბოლოს სახელმწიფო ტელევიზიით ის 12 აპრილს გამოჩნდა. გარდა ამისა, სახელმწიფო მედიას არ უხსენებია, რომ წინა კვირას კიმ ჩენ ინი რაკეტის მორიგ გაშვებას დაესწრო.

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პირველად Daily NK-ში გავრცელდა. ანონიმური წყარო გამოცემას ეუბნებოდა, რომ 36 წლის ლიდერი გულის პრობლემებს აგვისტოდან ებრძოდა, თუმცა მთა პექტუსანზე ასვლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შემდეგ ამერიკულ გამოცემებში გაჩნდა სათაურები იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიმ ჩენ ინი რამდენიმე დღით "გაქრა". 2014 წელს კიმი 40 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რამაც არაერთი სპეკულაცია გააჩინა იმის შესახებ, რომ ის სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩამოაგდეს. თუმცა შემდგომში ის კამერების წინ ჯოხით გამოჩნდა და სახელმწიფო მედიაშიც გაჟღერდა, რომ კიმი თავს შეუძლოდ გრძნობდა.