პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისში NATO-საქართველოს სწავლება - 2016-ს დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევე გლობალური სტაბილურობის მიზნებს.

"საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი.

ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.

მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება".

მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.