18 აპრილს მთელ მსოფლიოში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი One World: Together at Home ვირტუალურად გაიმართა და ამ წამოწყების ფარგლებში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად $127.9 მილიონი შეგროვდა.

ონლაინ კონცერტი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, მუსიკალურ ფესტივალ Global Citizen-ისა და მომღერალ ლედი გაგას ორგანიზებით ჩატარდა.

ამ საერთო საქველმოქმედო კონცერტის მიზანი ყველასთვის კიდევ ერთხელ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოწოდება და საყვარელი არტისტების მოსმენით იზოლაციის შემსუბუქება იყო. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მომღერლებმა, როგორებიც არიან ბილი აილიში, ლიზო, ტეილორ სვიფტი, Rolling Stones, ანდრეა ბოჩელი და სხვა.

კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი სამედიცინო პერსონალის დახმარებას და მათი სათანადო აღჭურვილობით მომარაგებას მოხმარდება, ნაწილით კი პანდემიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ CNN-ის ცნობით, ამ კონცერტი, რომელსაც 30 სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემდნენ, პირდაპირ ეთერში 20 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.