ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დაახლოებით 1 500-მა ადამიანმა კორონავირუსის შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. მომიტინგეები მათი ლიდერის, ვლადიმერ ჩელდიევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის დასაშლელად "ომონი" გამოიყვანეს".

აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით JAMnews ავრცელებს.

ჩელდიევი ორი დღის წინ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. მას, ასევე, ბრალად ედება ძალის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც 5 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ჩელდიევს და მის მომხრეებს კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ გაუქმდეს იზოლაციის ზომები, გაიხსნას სკოლები და მაღაზიები. აქციაზე გაჟღერდა მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაც — გადადგეს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, ვიაჩესლავ ბიტაროვი.

On.ge დაუკავშირდა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. თემური, რომელსაც გვარის დასახელება არ სურს, ამბობს, რომ ხალხი კორონავირუსის გამო არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. მისი ინფორმაციით, აქცია ჩელდიევის დაკავებამდე დაიგეგმა და რომც არ დაეკავებინათ, მაინც ჩატარდებოდა. ის ამბობს, რომ აქციაზე დაახლოებით 2 000 ადამიანი იყო.

"ადამიანები არიან თვითიზოლაციაში, სამსახურის და შემოსავლების გარეშე, ხელისუფლება მათ არ ეხმარება. გარდა ამისა, აქ ბევრს ეჭვები აქვს თავად ვირუსთან დაკავშირებითაც, მეც კი", — ამბობს ის.

რაც შეეხება აქციაზე "ომონის" მისვლას, თემური აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ძალადობა, გაზის ან ხელკეტების გამოყენება არ ყოფილა და ხალხი თავისით დაიშალა.

"ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთი ეპიზოდი, როცა მოედანთან ახლოს ახალგაზრდები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ქვებს ისროდნენ. უკვე დასრულდა ყველაფერი, ხალხი დაიშალა. აქცია პოლიტიკური ლიდერების გარეშე ჩატარდა", — ამბობს ის.

View this post on Instagram

Добрый вечер @chp.ossetia

A post shared by НОВОСТИ ОСЕТИИ (@region15.info) on

თემრის ინფორმაციით, კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის. ის აღნიშნავს, რომ შეიქმნა 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, თუმცა, არ იცის, რას გააკეთებენ ეს ადამიანები.

ადგილობრივი ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში 20 აპრილის კორონავირუსით დაინფიცირდა 145 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა.

მოქალაქეების ნაწილი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ კორონავირუსის შესახებ საკმარისად ინფორმირებულები არ არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: