ამ სტატიის დაწერისაკენ ხალხის გამოხმაურებამ მიბიძგა ემოციურად რთულად გადასამუშავებელ ორ მასალაზე: პირველი ჩვენთან გამოქვეყნებული ნათარგმნი სტატია იყო, რომელიც დეტალურად აღწერდა, როგორ შეიძლება მოედოს კორონავირუსი შენს ორგანიზმს ისე, რომ ვერც გაიგო, მეორე კი — რუსთავი 2-ის სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ მდგომარეობაში არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტები. ორივე შემთხვევაში გამოხმაურება ორაზროვანი იყო. მკითხველთა და მაყურებელთა ნაწილი ამ მასალებს აზიარებდა და სხვებსაც მოუწოდებდა სახლში დარჩენისაკენ, რაც იყო კიდეც მიზანი. დანარჩენები კი, მგონი, უფრო მოზრდილი ნაწილი, ამბობდა, რომ სტრესის დროს ასეთი მძიმე კადრებისა თუ ტექსტის გამოქვეყნება დანაშაულია, გაღიზიანება სხვადასხვა ხარისხის იყო, ყველაზე მსუბუქიდან დაწყებული ("რა საჭირო იყო ამის გაკეთება") ყველაზე აგრესიულით დამთავრებული (გინებები, შეურაცხყოფა მედიის მიმართ და ასე შემდეგ). აქვე დავაკონკრეტებ, რომ მსგავსი კადრები ესპანეთისა და იტალიის საავადმყოფოებიდანაც გაავრცელეს საკმაოდ პრესტიჟულმა გამოცემებმა. რა თქმა უნდა, გაღიზიანებისა და გაბრაზების მიღმა დამალული ემოციების ამოკითხვა რთული არაა. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადში პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია, რომ ცეცხლი აინთოს, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, გვჭირდება თუ არა რეალურად სიტუაციის მთელი სიმძიმის აღქმა თუ პირიქით, სჯობს, გარკვეული ასპექტების არცოდნით პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ?!

ჯეიმს სტოკდეილი აშშ-ის საზღვაო ძალების ვიცე ადმირალი იყო. ის ვიეტნამის ომის დროს შვიდი წლით დაატყვევეს და ამ ხნის მანძილზე მას გამუდმებით აწამებდნენ. ტკივილს დასასრული არ უჩანდა, თუმცა სტოკდეილმა შეძლო და ცოცხალი გადარჩა. ამაში მას "მძიმე რეალობის ჯანსაღი ოპტიმიზმით დაბალანსება" დაეხმარა.

სტოკდეილმა ეს იდეა თავისი სიტყვებით ასე ახსნა: "არასდროს უნდა შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებ — ამ რწმენის დაკარგვის უფლება არ გაქვს — თუმცა მუდმივად უნდა აიძულო თავი, რომ აწმყოს სასტიკ ფაქტებს თვალი გაუსწორო, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს".

სტოკდეილის პარადოქსი, როგორც კონცეფცია, მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ის ჯიმ კოლინსმა საკუთარ წიგნში Good to Great დეტალურად განიხილა. პარადოქსის შეჯამება ერთ წინადადებაში ასე შეიძლება: "ყოველთვის უნდა გქონდეს კარგი დასასრულის იმედი, მაგრამ მოამზადო ცუდისათვის".

რა არის სტოკდეილის პარადოქსი?

ტყვეობაში გატარებული წლების შემდეგ სტოკდეილი სახლში ბრუნდება

ფოტო: Wikimedia Commons

სტოკდეილის პარადოქსის მთელი სირთულე იმაშია, რომ ის წინააღმდეგობრივია. ხშირად ფაქტების სიმძიმის აღქმა სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღარაფერი იქნება კარგად. რა თქმა უნდა, ასეთ დროს იმედის შენარჩუნება მარტივი არაა, თუმცა სწორედ "ოპტიმიზმისა და რეალიზმის კოქტეილი" არის სიმტკიცის რეცეპტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტოკდეილის პარადოქსი ეწინააღმდეგება გულანთებული ოპტიმისტების მოძღვრებას, რომლებიც ხანდახან მომავლის რწმენას აწმყოს უგულებელყოფაზე აგებენ.

ჯიმ კოლინსის წიგნში ამ თემაზე ჯეიმს სტოკდეილთან დიალოგია გადმოცემული:

— ვინ ვერ გადარჩა?
— მარტივია, — პასუხობს სტოკდეილი, — ოპტიმისტები.
— ოპტიმისტები? ცოტა უცნაურია.
— ოპტიმისტები ამბობდნენ, "აი, ნახეთ, შობისთვის გარეთ ვიქნებით", თუმცა შობა ისე გადაივლიდა, რომ არაფერი იცვლებოდა. მერე იტყოდნენ "აღდგომამდე გავაღწევთ", მერე აღდგომაც გადაივლიდა. მერე იგივე ხდებოდა მადლიერების დღეზე და მერე ისევ შობა მოდიოდა. ბოლოს კი ვეღარ უძლებდნენ და გატეხილი გულის გამო იღუპებოდნენ.

სტოკდეილის პარადოქსი კონკრეტულ ინდივიდებს, კომპანიებს თუ ქვეყნებს ეხმარება, რომ რეალობა ჯანსაღად აღიქვან, მაგრამ ამავე დროს, იმედი არ დაკარგონ და გამოწვევებს შესაბამისად გაუმკლავდნენ. ეს იდეა ამბობს, რომ შეიძლება პოზიტიური იყო და ამავე დროს, აცნობიერებდე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. ამ ბოლო ნაწილს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, და შეიძლება მსგავსი აზროვნება ოპტიმისტი ან/და ნაივური ადამიანების მიერ ზედმეტად ნეგატიურად ან პესიმისტურად აღიქმებოდეს.

სტოკდეილის პარადოქსის მსგავსი იდეები

ვიქტორ ფრენკლი, ფსიქოლოგი, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, თავის წიგნში წერს, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ყველაზე მეტი ადამიანი შობის შემდეგ იღუპებოდა. მისი თქმით, დატყვევებულებს იმდენად სჯეროდათ, რომ შობისათვის გარეთ იქნებოდნენ, რომ იმედგაცრუების შემდეგ უბრალოდ ფსიქოლოგიური ტრავმის გამო იღუპებოდნენ.

"1944 წლის შობასა და 1945 წლის ახალ წელს შორის პერიოდში ბანაკში სიკვდილიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირობები არ შეცვლილა: არც საჭმლის რაოდენობა შემცირებულა, არც ახალი ეპიდემია გაჩენილა, უბრალოდ ტყვეების დიდ ნაწილს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ შობას სახლში შეხვდებოდა, დრო გადიოდა და დამაიმედებელი ცნობები არ ჩანდა, ტყვეებმა იმედი დაკარგეს და დანებდნენ. ამან კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეასუსტა"

ფრენკლმა მოიფიქრა ასევე კონცეფცია, რომელსაც "ტრაგიკული ოპტიმიზმი ჰქვია". ამ იდეას მრავალი სახელი აქვს, მათ შორის "რაც არ გკლავს, გაძლიერებს". ტრაგიკული ოპტიმიზმი სტოკდეილის პარადოქსს ეხმიანება, რადგან ამ ორივე კონცეფციის თანახმად, სირთულეების გაცნობიერება, პოზიტიურ რწმენასთან ერთად რთულ პერიოდში გადარჩენისათვის საუკეთესო სტრატეგიაა.