სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბრიტანულ ტაბლოიდებთან თანამშრომლობას სრულად წყვეტენ.

The Sun-ის, Mirror-ის, Mail-ის და Express-ის მიმართ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ წყვილმა აღნიშნული ნაბიჯი "დამახინჯებული და ყალბი" ამბების გამო გადაწყვიტა. წერილში, რომელიც ტაბლოიდებთან წყვილის წარმომადგენელმა გაგზავნა, აღნიშნულია, რომ ისინი ყალბი ამბების გამო შეშფოთებულები არიან.

"სამწუხაროა, რომ მედიის გავლენიანი ნაწილი წლების განმავლობაში ცდილობდა პასუხისმგებლობას გარიდებოდა იმისგან, თუ რას ამბობდა ან ბეჭდავდა მაშინაც კი, როცა ეს ყალბი, დამახინჯებული და აგრესიული იყო", — ნათქვამია წერილში.

2019 წლის ოქტომბერში მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდებს, Daily Mail-სა და The Mail on Sunday-ს უჩივლა, რამდენიმე დღეში კი ჰარიმ სარჩელი შეიტანა The Sun-და და Daily Mirror-ის მფლობელების წინააღმდეგ.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დაქორწინების შემდეგ, წყვილი მედიასთან ბევრ პრობლემა წააწყდა, რაც ძირითადად მეგანის გაშუქებას ეხებოდა. რამდენიმე რეპორტაჟზე პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ისინი "რასისტულ ხასიათს" ატარებდა. პარლამენტის 72 წევრმა კი ერთობლივი წერილი შეიმუშავა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მეგან მარკლის გაშუქება იყო "კოლონიალური", "მოძველებული" და ხშირად პირად ცხოვრებაშიც იჭრებოდა.

მას შემდეგ, რაც იანვარში ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობებს აღარ შეასრულებდნენ, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა ამას "Megxit" უწოდეს.

დეკემბრიდან წყვილი შვილთან, არჩისთან ერთად კანადაში ცხოვრობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ისინი კალიფორნიაში გადასახლდნენ.