მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლებს ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვა არ მისცეს, მათ მარნეულში მოსახლეობისათვის პროდუქტების დარიგება სახედრის დახმარებით გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

როგორც არხთან საუბარში მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, მირთაგი ასადოვი ამბობს, მათ მარნეულის მერიას მიმართეს თხოვნით, რომ ტრანსპორტის გადაადგილების ნება მიეცათ. თუმცა თხოვნაზე უარი მიიღეს.

"სასულიერო პირებს ავტომობილით გადაადგილება მისცეს, ჩვენ კი — არა. ახლა იძულებულები ვართ, რომ ხალხს ასე დავეხმაროთ" — განაცხადა მირთაგი ასადოვმა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის ტაქსითაც. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთავრობის შეთანხმებით, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვის მიუხედავად, მათ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.