ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდა. დეკანოზმა ილია კარკაძემ ეკლესიაში შეკრებილებს ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ მთავარი არხის წარმომადგენელი "გაკოჭონ" და თუ არ დაემორჩილება, "დაიმორჩილონ".

"აი, ასეთი თავხედობა ჩვენ ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც [...] ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ჩავაბაროთ პატრულს", — თქვა სასულიერო პირმა წირვის დროს.

ამ განცხადებასთან ერთად, მთავარი არხი ავრცელებს ვიდეოს, სადაც დეკანოზი ჟურნალისტს ეკითხება, ტაძარში როცა შევიდა, ჰკითხა თუ არა ვინმეს, რაზეც ჟურნალისტი უხსნის, რომ ამისთვის ნებართვა არ სჭირდება. საპასუხოდ, კარკაძემ ეკლესიაში შესვლა ტელევიზიაში შესვლას შეადარა და იკითხა, მისცემენ თუ არა უფლებას პირდაპირ შევიდეს მთავარი არხის შენობაში.

მთავარი არხის ინფორმაციით, კარკაძის უკმაყოფილება ბზობასთან დაკავშირებით მომზადებულმა სიუჟეტმა გამოიწვია, სადაც საუბარი იყო საგანგებო მდგომარეობის დროს სასულიერო პირების მხრიდან ბზობის გაყიდვაზე.

On.ge ცდილობს გაარკვიოს, ექნება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მუქარაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობისკენ მოწოდებაზე.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე საკითხები გაშუქება განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ უარი თქვა მთავრი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.

ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, პატარა ტაძრებში კი ეზოში განაწილდეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება პოლიცია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 519.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: