პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურის ვერსიით, 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, გიორგი რაზმაძე მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, იგი ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ და შეეჯახა ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე ნათია დვალს და თამარ მჭედლიძეს.

მიღებული დაზიანებების შედეგად ნათია დვალი და თამარ მჭედლიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.