ხილის რეგულარული ჭამა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუმცა, ყველა ხილი თანაბრად სასარგებლო არაა. ზოგიერთი მათგანი გამორჩეული თვისებების მქონეა და ორგანიზმის სათანადო ფუქნქციონირებას ხელს განსაკუთრებით უწყობს.

ამ სტატიაში გაიგებთ მეტს ათი ყველაზე სასარგებლო ხილის შესახებ.

1. გრეიპფრუტი

ფოტო: Pixabay / Pexels

გრეიპფრუტი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ციტრუსია. მინერალებითა და ვიტამინებით სიმდიდრის გარდა მას ისიც გამოარჩევს, რომ ხელს უწყობს წონაში კლებას და ამცირებს ინსულინრეზისტენტობას.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ვინც ჭამამდე ნახევარი გრეიპფრუტი მიიღო, 1,3 კილოგრამით მეტი დაიკლო, ვიდრე მათ, ვინც გრეიპფრუტს არ ჭამდა.

იმავე კვლევის თანახმად, იმ ჯგუფში, ვინც გრეიპფრუტს ჭამდა, საგრძნობლად იყო დაკლებული ინსულინის დონე და ინსულინრეზისტენტობა. გარდა ამისა, გრეიპფრუტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კლებას და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

2. ანანასი

ფოტო: PicFoods.com / Pexels

ტროპიკულ ხილს შორის ანანასი სუპერ-სასარგებლოა. ის მდიდარია C ვიტამინით და მანგანუმით. გარდა ამისა, ის შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ცილას გადაამუშავებს. ლაბორატორიული კვლევებით ვარაუდობენ, რომ ბრომელაინი შესაძლოა სიმსივნის უჯრედების ზრდის საწინააღმდეგოდაც გამოდგეს.

3. ავოკადო

ფოტო: Valeria Boltneva / Pexels

ხილის უმეტესობა დიეტური ნახშირწყლების მაღალი შემცველობით გამოირჩევა, თუმცა ავოკადო ამ მხრივ გამონაკლისია — ის ნახშირწყლებზე მეტად ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს. ავოკადოს ცხიმის დიდ ნაწილს ოლეინის მჟავა წარმოადგენს, რომელიც მონოუჯერი ცხიმია და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების კლებას და გულის უკეთ ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მცენარეულ ბოჭკოსა და მანგანუმს. კალიუმი კი მაღალი წნევისა და ინსულტის რისკებს ამცირებს.

4. მოცვი

ფოტო: Olga / Pexels

მოცვს გამორჩეული საკვები ღირებულება აქვს. მასში მცენარეული ბოჭკოს, C, K ვიტამინების, მანგანუმისა და ანტიოქსიდების მაღალი შემცველობაა.

მოცვში არსებული ანტიოქსიდები შესაძლოა ქრონიკული დაავადებების, გულის დაავადებების, დიაბეტისა და ალცჰაიმერის სინდრომის რისკებს ამცირებდეს. მოცვი ასევე გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

5. ვაშლი

ფოტო: Africa Studio / Shutterstock

ვაშლი დიდი რაოდენობით C ვიტამინს, B ვიტამინს, კალიუმსა და რკინას შეიცავს. კვლევები ცხადყოფს, რომ ვაშლში არსებული ანტიოქსიდები დიაბეტის, ალცჰაიმერისა და გულის დაავადებების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, ის შეიცავს პექტინს, პრებიოტიკურ საკვებ ბოჭკოს, რომელიც ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს კვებავს და ხელს უწყობს საკვების გადამუშავების პროცესსა და მეტაბოლიზმს.

6. ბროწეული

ფოტო: Pixabay / Pexels

ბროწეული არამხოლოდ საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი, არამედ შეიცავს ძლიერ მცენარეულ ნაერთებს, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ბროწეულში სამჯერ მეტი ანტიოქსიდია, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ბროწეულს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და შესაძლოა კიბოს წარმოშობის რისკებსაც ამცირებდეს.

7. მანგო

ფოტო: Ruth Currie / Pexels

მანგო C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ის ასევე შეიცავს ხსნად მცენარეულ ბოჭკოს, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მანგოს აქვს ძლიერი ანტიოქსიდური და ანთების საწინააღმდეგო თვისება, რომელიც სხვადასხვა დაავადების რისკს ამცირებს.

8. მარწყვი

ფოტო: Ekaterina_Minaeva / Shutterstock

მარწყვი C ვიტამინის, მანგანუმის, ფოლიუმის მჟავის და კალიუმის ნამდვილი საბადოა. სხვა ხილთან შედარებით, მარწყვს დაბალი დიაბეტური ინდექსი გამოარჩევს. შესაბამისად, არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას.

სხვა კენკრის მსგავსად, მარწყვსაც მაღალი ანტიოქსიდური მოქმედება აქვს, რაც ხელს უშლის ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას.

9. წითელი მოცვი

ფოტო: Irita Antonevica / Pexels

წითელი მოცვი, მისი ლურჯი ნათესავის მსგავსად, ვიტამინებით მდიდარია. მოცვის თვისებებიდან აღსანიშნავია ის, რომ მისი წვენი და ექსტრაქტი ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციების ჩამოყალიბებას. წითელ მოცვში შემავალი A ტიპის პროანტოციანიდი არის სწორედ ის ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის საშარდე გზებსა და შარდსადენზე ბაქტერიის მიმაგრებას.

10. ლიმონი

ფოტო: Pixabay / Pexels

ლიმონის დადებით თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. ის განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ლიმონი ხელს უშლის წონის მატებას, არეგულირებს წნევას და ებრძვის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.