"მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს", — ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს, რომელმაც ის და მისი მოადგილე მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების გამო გააკრიტიკა და ამას უღირსი საქციელი უწოდა.

"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეიძლება შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება.

ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან მე რაზეც ვიასაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან", — განაცხადა მან TV პირველთან სატელეფონო საუბრისას.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა NCDC-ის ხელმძღვანელებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მოსახლეობის გაფრთხილების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. იაკობს მიაჩნია, რომ ადამიანებისათვის საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის მოფრთხილებისაკენ მოწოდება უღირსი საქციელია.

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.

ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება.ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ყველა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: