საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სახლში დარჩენით გააგრძელონ წვლილის შეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოების სააღდგომო განწყობა, ასევე, გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად:

"მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია.

მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული. ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს: ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში 5 035 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: