საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქარელში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეზღუდვა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.

"კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას.

ამ ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები", — წერია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

ოკუპანტების ქმედებებს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც. მისი თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.