ქარელში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადმოწევა განაახლეს. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

"ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება. საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს.

ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე", — განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის ცნობით, ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება.