ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის გადაადგილების ე.წ. საშვებზე დღეს გახდა ცნობილი. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების "სერიოზული დაცინვაა".

როგორც გოცირიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, ის და მალხაზ სონღულაშვილი ტაძარში რეგულაციის ძალაში შესვლამდე მივიდა და სახლში ფეხით დაბრუნებას აპირებს.

"ჩემთვის ძვირფასია არა კანონის დარღვევა-დაურღვევლობა, არამედ, რომ დღევანდელ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ამის უპირველესი პასუხისმგებლობა ადევს სახელმწიფოს და სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს", — ამბობს გოცირიძე.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სეკულარული და დემოკრატიული სახელმწიფოს შესაბამისად მოიქცეს:

"ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთადერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არამხოლოდ ერთი რელიგიური თემისათვის არის მნიშვნელოვანი".

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ამბობს, რომ დიდი ხანია მთავრობის ცხელ ხაზზე რეკავენ, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

დღეს, 17 აპრილს მას შემდეგ რაც გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.

"აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის", — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორის.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. ახალი შეზღუდვებით, აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის ტაქსითაც. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში 5 079 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: