19 მარტი იყო, როცა ჩემი შვილი ბოლოს ვნახე. უფრო სწორად, მძინარეს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე... წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიღრმეებს არ ჩავყვები, კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე; რამდენი ზრუნვის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ამაზე სხვა დროს.

მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით:

3 კვირა ვიმუშავე — 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში, 1 — რეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის 2-კვირიან პერიოდს გავდივარ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1 მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეზე მის გვერდით ყოფნა შევძლო. მერე (დიდი ალბათობით) ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება.

ამ 5 კვირის მანძილზე გამოვაკლდი (პირველად) დედაჩემის დაბადების დღეს. ასევე, პირველად არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად; გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი — კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ახლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ; ვუყურე, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი შვილი ჩემი დანახვისას; მოვუსმინე 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს.

მარიამ გრიგორაშვილის შვილი უყურებს დედას ტელევიზორში.

ფოტო: Facebook / მარიამ გრიგორაშვილი

აღარ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5 კვირის მანძილზე. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა — ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედპერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID-19-ის დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს. ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს, უმცროსებს და ექთნებს; სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან. ამ ხალხს უკვე მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს, არცერთ მათგანს.

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ, თქვენ გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს. არცერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს, რადგან ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად, მაგრამ, მანამ, სანამ თქვენ მეგობრებთან იკრიბებით, პიკნიკებზე დადიხართ, სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენ გამო ამ მწარე დღეებს გადიან. ამ ხალხსაც უნდა ოჯახში დაბრუნება, შვილების ჩახუტება, ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნება; ამ ხალხსაც უნდათ ნორმალური ძილი, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება. და მანამ სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ, უ ვ ა დ ო დ!...

მიიტანეთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან. გაიაზრეთ თქვენი, როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ და ძალიან ცოტა ხნით #დარჩისახლში