იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ სააღდგომოდ ტაძრების ღიად დატოვებაში მოიაზრება, რომ იქ სასულიერო პირები უნდა იყვნენ.

მისი თქმით, ეკლესია ტაძრების თავისით ვერ დაკეტავდა და ის, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს.

"ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეკლესია, უბრალოდ, ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ღია ტაძარი ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ და თუკი იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანმიმდევრულად გააჟღერეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: