მეუფე პეტრე ამბობს, ხელისუფლებამ სირაქლემის პოზიცია აირჩია და თვალი დახუჭა, რომ თითქოს ეკლესიაში 9 საათამდე მისული მრევლი კანონს არ დაარღვევს. მისი თქმით, ეკლესიები ინფრასტრუქტურულად მზად არ არიან, რომ მრევლი გათენებამდე იქ დარჩეს. ამ თემაზე მეუფე პეტრემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ხელისუფლებამ თითქოს კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ სირაქლემას მდგომარეობაში, თვალები თვითონ დაიფარა ან დახუჭა. თითქოს 9 საათამდე მისული ადამიანი კანონს არ დაარღვევს. 9 საათიდან დილის 6 საათამდე. ელემენტარულად, რომელია იმ სიწმინდისა და სულიერების მატარებელი, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილებებმა [არ შეაწუხოს]", — თქვა მეუფე პეტრემ.

სასულიერო პირის განცხადებით, გაურკვეველია რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც შეუძლოდ გახდება, დარჩენა აღარ ენდომება, შვილი დაურეკავს, ეკლესიაში ხომ არ ჩაიკეტებიან 6 საათამდე?! მეუფე პეტრე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რადგან ნაბიჯი უკვე გადადგა, გონივრული კომპრომისი დაუშვას.

15 აპრილს, საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანმიმდევრულად გააჟღერეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: