სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

"ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე ცნობით, დაიხურება აგრარული ბაზრებიც. დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დღეიდან დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.

გუშინ, 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქუთაისსა და ზესტაფონშიც დაიკეტება სასაფლაოები.

15 აპრილის 21 საათიდან საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში გადაადგილება შეიზღუდა. ამ მუნიციპალიტეტებში სპეციალური გამშვები პუნქტები განთავსდა და ქალაქებში შესვლა-გამოსვლა 10 დღის განმავლობაში აიკრძალა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ისინი ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერტორიის დატოვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულები.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: