ავტომატური ზარის ტექნოლოგიის გამოყენებით, თითოეულ მოქალაქესთან უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია ადამიანებს უფრო მეტად დააჯერებს, რომ სახლში დარჩენა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე შეგვიძლია ვირუსის გავრცელების რისკები შევამციროთ.

"მოწევა კლავს, მაგრამ სხვას" — ფიქრობენ ადამიანები და აგრძელებენ მოწევას. ეს კარგად ცნობილი ფენომენია მასკომუნიკაცია/ბიჰევიორიზმში. იგივე ხდება კორონავირუსზეც. როცა საქმე ეხება დიდ მასებთან სასურველი მესიჯის მიტანას, იქ ზოგადი ფორმით გავრცელებულ ნათქვამს პასუხისმგებლობის არიდების ეფექტი ყოველთვის ახასიათებს.

მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის "სახლში დარჩი, დაიცავი დისტანცია" მოწოდებები, მაგრამ ადამიანები ვერ აღიქვამენ, რომ ეს სწორედ მათ ეხებათ.

მასებთან კომუნიკაციის სირთულეების ამოხსნა კრეატიული სააგენტოების ყოველდღიური ცხოვრებაა. ჩემს ხელში გავლილ PR კამპანიებს, რომლებიც მილიონობით ადამიანამდე მისულა, გაცილებით დიდი შედეგი მოუტანია, როცა კომუნიკაცია იყო არა ზოგადი, არამედ პირდაპირი, გულწრფელი და უშუალო.

მნიშვნელოვანია ადრესატმა აღიქვას, რომ კონკრეტულად მას მიმართავენ. როცა ის იგრძნობს, რომ რაღაც მისთვის თქვეს, დააფასეს, ყურადღება მიაქციეს და არ მოხარშეს სხვებთან ერთ ქვაბში, მიმღებლობა ერთიორად გაეზრდება. ამიტომაც, მეტი შანსია, რომ უკეთ გაიაზროს ნათქვამი და შესაბამისადაც მოიქცეს.

კორონავირუსის პრობლემაზე და ადამიანების დამოკიდებულებაზე ფიქრის დროს გამახსენდა ავტომატური ზარის ტექნოლოგია, რომელიც გასულ არჩევნებზე გამოიყენეს. თუ გახსოვთ, ადამიანებს პირადად ურეკავდა "ბიძინა ივანიშვილი" — ქართული ოცნების ლიდერი ხმა მათ არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებდა.

ეს არის მეთოდი, როცა ერთი თხოვნით შეგვიძლია მთელ მოსახლოებას მივწვდეთ. შექმნილ ვითარებაში ამ ტექნიკის გამოყენება ძალიან დროული იქნებოდა. ამ შემთხვევაში, სასურველია ხალხს ამირან გამყრელიძისა, პაატა იმნაძის ან მსგავსი კომპეტენტური ადამიანის ხმა "ესაუბროს".

ერთია ტელევიზიით რამდენიმე საათის წინ მოსმენილი იმნაძის განცხადება და მეორე, როცა ის პირადად გირეკავს — გულისხმიერად გთხოვს დაიცვა წესები და საფრთხის არსებობას რეალური ფაქტებით გისაბუთებს. დიდი შანსია, მისი აზრი მართლაც გაითვალისწინო. ასეთია ადამიანის ბუნება. პირადი მიმართვა ყოველთვის მეტად მიგვაქვს ხოლმე გულთან.

თანამედროვე ტექნოლოგიურმა გარემომ ადამიანები ახალი ინფორმაციისადმი შეუვალი გახადა, ამიტომ პირდაპირი კომუნიკაცია ბევრად უკეთ მუშაობს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდი ჩემი საქმიანობის პროცესში.

ახლაც მჯერა, რომ სწორი საკომუნიკაციო სტრატეგია — უშუალო სატელეფონო ზარი ქვეყნის ყოველ მოსახლესთან, მნიშვნელოვნად შეამცირებდა ვირუსის გავრცელების მასშტაბს.