დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, რომ მოძღვრებს მიცვალებულთა სახელები პირადად, ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით მისწერონ და ლოცვას სასულიერო პირები აღავლენენ. ამის შესახებ მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა.

დეკანოზი იოანეს თქმით, ისინი მრევლს მოუწოდებენ, სანამ პანდემია მძვინვარებს, აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლისგან თავი შეიკავონ.

"სანაცვლოდ ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს მოძღვრებთან იქონიონ კონტაქტი, გადასცენ მოსახსენიებელი თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ან ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით გადაუგზავნონ თავიანთი მიცვალებულების მოსახსენიებლები და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, აღდგომიდან მეორე დღეს, ორშაბათს მოხდება პანაშვიდების აღსრულება ტაძრებში და ჩვენ პატივს მივაგებთ და ვილოცებთ მიცვალებულთა სულებისთვის", — თქვა იაონე გორელიშვილმა.

დეკანოზი იოანეს თქმით, მათ, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს შეუძლია ბათუმის საკათედრო ტაძარს ფეისბუქგვერდზე მისწერონ მიცვალებულთა სახელები და გვარები, სასულიერო პირები კი ლოცვას მათთვისაც აღავლენენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა სამრევლო ტაძრებში დილის 7 საათზე დაიწყება, მონასტრებში კი სააღდგომო ლიტურგიის ღამისთევა მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების დასწრებით გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დიმიტრი შიოლაშვილმა პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო.

15 აპრილს სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 71, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: