დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ინფორმაციით, დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა.

"ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები. ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს, მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის სახით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ამისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

"მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", — თქვა მან.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, ფართოვდება კლასტერები და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა დაიცვას კანონი.

ბრიფინგის დასასრულს, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ მთავრობის მოწოდებაა, მოქალაქეები დარჩნენ სახლში და არ დაარღვიონ კანონი.