ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბარელი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს, სამწუხაროს უწოდებს.

ბარელის თქმით, პანდემიის არსებობის მომენტში მსგავსი გადაწყვეტილების გასასამართლებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"ვწუხვართ აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო. მაშინ, როცა მისი ძალისხმევა ყველაზე მეტად არის საჭირო, ამ ნაბიჯს არაფერი ამართლებს. მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეგვიძლია გადავლახოთ ეს კრიზისი, რომელსაც საზღვრები არ აქვს", — წერს ბორელი ტვიტერზე.

სამშაბათს, 14 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას დროებით წყვეტს.

ტრამპის თქმით, დაფინანსება 60-90 დღის განმავლობაში შეწყდება, ამ დროის განმავლობაში ისინი კორონავირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხს გააანალიზებენ და შეაფასებენ. ტრამპმა WHO-ს კრიზისის "უკიდურესად ცუდად მართვაში და საფრთხის დამალვაში" დასდო ბრალი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეშიც და თქვა, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ საერთო გლობალური ბრძოლის დროა.