ნეტფლიქსის ახალმა სერიალმა Tiger King მოახერხა და ბოლო პერიოდში პოპულარობით ლამის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს გადაუსწრო.

ეს დოკუმენტური სატელევიზიო შოუ უკანასკნელი ერთ თვის განმავლობაში მილიონობით მაყურებლის ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც სოციალურ ქსელებში უამრავი განხილვისა და ამდენიმე მიმის შთაგონების წყარო გახდა.

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც უკვე ნახა ამ სერიალის ყველა ეპიზოდი და აღარ იცით აწი რას უყუროთ, რადგან კვლავ ამ დაუჯერებელი კრიმინალური ისტორიებით სავსე სამყაროში ხართ ჩარჩენილი, მაშინ კიდევ რამდენიმე გამორჩეულად კარგ სერიალს გირჩევთ, რომლებიც დაგეხმარებათ Tiger King-ის დასრულების შემდეგ გამოწვეული ეიფორია გაიხანგრძლივოთ.

1. DON’T F**K WITH CATS

თუ Tiger King-ში ცხოველების მოყვარულების წარმოუდგენლად ბნელი მხარე გაიცანით, ნეტფლიქსის ეს დოკუმენტური სერიალი დაგარწმუნებთ, რომ ოთხფეხა მეგობრების ერთგულ პატრონებთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს.

DON’T F**K WITH CATS კნუტების წამებისა და მოკვლის ვიდეოს გამო დაწყებული სამოყვარულო გამოძიების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელად ნამდვილ ჰოლივუდურ თრილერად გადაიქცევა და დაგავიწყებთ, რომ დოკუმენტურ ისტორიას ადევნებთ თვალს.

2. Wild Wild Country

ოშოს სახელით ცნობილ ინდოელ ფილოსოფოსსა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური დაჯგუფების ხელმძღვანელს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც მეტ-ნაკლებად იცნობენ თავისი წიგნებითა და იდეებით, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი კულტის შექმნის სრული ისტორია.

ნეტფლიქსის ეს კიდევ ერთი გახმაურებული დოკუმენტური სერიალი სწორედ 80-იან წლებში ამერიკაში ჩამოყალიბებული ცნობილი კულტის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მიზანიც უტოპიური საზოგადოების შექმნა იყო. სწორედ ამ კულტის წევრებისა და სხვა თვითმხილველებისგან მოისმენთ ექვსი ეპიზოდის განმავლობაში მაშინ განვითარებულ დაუჯერებელ მისტიკურ და კრიმინალურ მოვლენებზე დეტალურად.

3. Making a Murderer

სანამ Tiger King-ის ირგვლივ ატეხილი მსოფლიო აჟიოტაჟი იქნებოდა, მანამდე ჯერ კიდევ 2015 წელს მოახერხა ნეტფლიქსმა, რომ ზოგადად დოკუმენტური სერიალების ჟანრით მრავალი მაყურებელი დაეინტერესებინა. ეს Making a Murderer-ის გამოსვლის შემდეგ შეძლო, რომელიც აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კრიმინალური დანაშაულის შესახებ მოგვითხრობს.

ეს დოკუმენტური შოუ მთლიანად სტივენ ევერის შესახებაა, რომელსაც გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის გამო 32-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 18 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის უდანაშაულო იყო. ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ კი კვლავ მკვლელობის ბრალდებით დაიჭირეს. დაუჯერებლად ჟღერს, არა? ამ სერიალში კიდევ უფრო მეტი უცნაური ამბავი გელოდებათ.

4. THE JINX

ეს სატელევიზიო შოუების ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დოკუმენტური სერიალია, რომელშიც რამდენიმე მკვლელობაში ეჭვმიტანილი რობერტ დარსტი თავის ისტორია პირადად გვიყვება.

ამ შოუმ მაყურებლების განსაკუთრებული დაინტერესება მას შემდეგ გამოიწვია, რაც სერიალის ბოლო ეპიზოდი HBO-ს ეთერში გავიდა: რობერტ დარსტმა სწორედ ამ შოუს ფინალში პირველად აღიარა ნაწილობრივ თავისი დანაშაულებები და პოლიციამაც იმ დღესვე დააპატიმრა.

5. American Vandal

თუ Tiger King-ის ნახვამ გაგახალისათ და თვითიზოლაციაშიც ზედმეტად მძიმე ისტორიებით არ გინდათ თავი დაიმძიმოთ, მაშინ ეს შოუ ზედგამოჭრილია თქვენთვის: American Vandal-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტური ჟანრის სტანდარტების დაცვით გამოგონილი ისტორიები გაეცოცხლებინათ და კომიკური ელემენტების გამოყენებით კრიმინალური ისტორიების ერთგვარი პაროდია შეექმნათ.

არ იფიქროთ, რომ სერიალი მთლიანად გასართობი ხასიათისა: მისი სიუჟეტი ზემოთ ნახსენები ნამდვილი დოკუმენტური სერიალის მსგავსად ვითარდება თავისი შოკის მომგვრელი ფინალის ჩათვლით, უბრალოდ თავისი კომიკური ატმოსფეროთი დაძაბულობასთან ერთად გაგახალისებთ კიდეც.