გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ ეხმაურება და ამბობს, რომ პანდემიას ბრალდებები ვერ უშველის. ამის შესახებ მინისტრმა ტვიტერზე დაწერა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება მნიშვნელოვანია, რადგან გაეროსთან ერთად ტესტების გავრცელებასა და ვაქცინაზე მუშაობაში მისი როლი დიდია.

"ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ Covid 19-ის წინააღმდეგ", — წერს მაასი.

სამშაბათს, 14 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას დროებით წყვეტს.

ტრამპის თქმით, დაფინანსება 60-90 დღის განმავლობაში შეწყდება, ამ დროის განმავლობაში ისინი კორონავირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხს გააანალიზებენ და შეაფასებენ. ტრამპმა WHO-ს კრიზისის "უკიდურესად ცუდად მართვაში და საფრთხის დამალვაში" დასდო ბრალი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეშიც და თქვა, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ საერთო გლობალური ბრძოლის დროა.