ხელების დაბანა ვირუსული ინფექციის ათვისების რისკის შემცირების ძალიან მარტივი და ეფექტიანი გზაა.

Google-ის ოპერაციულ სისტემა Wear OS-ზე მომუშავე ჭკვიანი საათები მომხმარებლებს პერიოდულად ხელების დაბანას შეახსენებს. ეს ფუნქცია სისტემას v5.4.0 ვერსიაში დაემატა, ამიტომ თუ Wear OS-ზე მომუშავე მოწყობილობა გაქვთ, მისი განახლება არ დაგავიწყდეთ.

შეტყობინების მოსვლის შემდეგ, საშუალება გაქვთ 40 წამიანი ტაიმერი ჩართოთ და ხელების დაბანის დრო დაითვალოთ. Android Police-ის მიხედვით, თუ ხელის დაბანის შეტყობინება ძალიან შემაწუხებელი გახდა, მისი გათიშვა შეგიძლიათ.

ჯანდაცვის ორგანიზაციების და სამედიცინო ექსპერტების თქმით, ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამს უნდა გაგრძელდეს. ხშირი რეკომენდაცაა, რომ დაბანისას დაბადების დღის სიმღერა (რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა...) ორჯერ წაიმღეროთ, რასაც დაახლოებით 20 წამი ჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელების დაბანის ეფექტიანობის შესახებ დიდი ხანია ვიცით, თუმცა როგორც ირკვევა, ჰიგიენის ამ ელემენტარულ ნორმას ბევრი მაინც არ იცავს.