პოლონეთი აბორტის შეზღუდვაზე მსჯელობას უბრუნდება. პარლამენტის ქვედა პალატა მმართველი პარტიის შესაბამისი კანონპროექტის განხილვას მიმდინარე კვირაში აპირებს.

დაგეგმილი ცვლილებებით, აბორტი შეიძლება აიკრძალოს ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაშიც. დოკუმენტი სკოლებში სექსუალური განათლების მიცემისთვის სასჯელსაც ითვალისწინებს.

მსგავსი კანონპროექტი პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, თუმცა მასობრივი პროტესტის შედეგად ავტორებმა ის უკან გაიწვიეს.

კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება გამოიყენოს და კანონპროექტი ახლა გაიტანოს, რადგან ინფექციის პრევენციისთვის დემონსტრაციები აკრძალულია.

დაგეგმილი ცვლილებები ქალებმა ვარშავის ქუჩებში მაინც გააპროტესტეს — კორონავირუსის გამო შემოღებული წესების დაცვით, ავტომობილებიდან და ველოსიპედებიდან.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები დემონსტრანტებს ხმის გამაძლიერებლებით მიმართავდნენ, არც ერთი აქტივისტი არ დაუჯარიმებიათ ან დაუკავებიათ.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, პოლონეთში აბორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ასევე, თუ ქალი გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაორსულდა.