ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ წარმოშობით ფრანგმა რეჟისორმა, დემიენ შაზელმა ამჯერად თავისი შესაძლებლობები სატელევიზიო სივრცეში გამოსცადა.

ამ ერთ-ერთმა გამორჩეულმა თანამედროვე კინოხელოვანმა მოახერხა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში — 32 წლისას ოსკარი და ოქროს გლობუსი მოეპოვებინა. ეს გამარჯვება მან 2016 წელს გამოსული მიუზიკლით La La Land შეძლო, სულ მალე კი კვლავ გვექნება შესაძლებლობა მისი კიდევ ერთი მუსიკალური სანახაობა ვიხილოთ.

ნეტფლიქსმა ამ ახალი სერიალის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

The Eddy — ასე ჰქვია სერიალს, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ, რომ ის თანამედროვე პარიზში მულტიკულტურულ სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ძირითადი ხაზი პიანისტის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი ბარის გადარჩენას ცდილობს.

სწორედ ამ მთავარ როლში ვიხილავთ მსახიობ ანდრე ჰოლანდს, რომელსაც მაყურებლების დიდი ნაწილი ოსკაროსანი ფილმ Moonlight-ში შესრულებული როლით იცნობს. მთავარ როლში მას პარტნიორობას გაუწევს პოლონელი მსახიობი იოანა კულიგი, რომელმაც აქამდე პაველ პავლიკოვსკის ცნობილ კინოსურათში Cold War შესრულებული როლით დაამახსოვრა ყველას თავი.

ეს ახალი საინტერესო პროექტი სულ 8 ეპიზოდის ხანგრძლივობის იქნება და მისი ხილვა ნეტფლიქსის პლატფორმაზე 8 მაისიდან იქნება შესაძლებელი.