დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავენ მაისის დასაწყისში უკვე ათასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება.

"მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით, რადგან სამასს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, იყოს უფრო მეტად სწრაფი ზრდა. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა", — აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების 20-30 პროცენტს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია დასჭირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე სააღდგომო დღესასწაულებსაც შეეხო:

"კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ გამოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების".

ამასთან ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში კანონით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და "ჩვენ სამართლებრივი ქვეყნისთვის ბევრს ვიბრძოდით":

"სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი. ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია. კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში".

საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების მიუხედავად მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მრევლის თანდასწრებით ღვთისმსახურებას მაინც აღავლენს. 12 აპრილს, ბზობას მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიერ დაპირებულ დისტანციას არ იცავდა და ხალხმრავლობაში ბზას ყიდულობდა.

როგორც ცნობილია, 19 აპრილს საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებს, თუმცა მრევლის როგორ დაესწრება ღვთისმსახურება, ჯერ უცნობია. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ, 15 აპრილს გახდება ცნობილი.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირს. ის კლინიკაში ოჯახის ორ წევრთან ერთადაა მოთავსებული.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: